გვანცა გორგაძე ადამიანებთან ბავშვური აღტაცებით ურთიერთობს

ახლობლებს არ გაკვირვებიათ, პროფესიად საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომ აირჩია. ბავშვობიდანვე უყვარს ადამიანებთან კონტაქტი, მათი მოსმენა და ემოციების გაზიარება. საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დღემდე ბავშვური აღტაცებით ურთიერთობს ადამიანებთან..

ინტერვიუ გვანცა გორგაძესთან.

- რატომ აირჩიეთ პიარსპეციალობა?

- ადამიანები პროფესიას სურვილის მიხედვით ირჩევენ და ეს სურვილი მათ შესაძლებლობასა და მახასიათებლებზეა დამყარებული. დაუოკებელი სურვილი გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე საუკეთესო ექიმებს ქმნის, დაიცვა შენი ქვეყანა და ხალხი - საუკეთესო ჯარისკაცს, საკუთარი ცოდნა ახალ თაობას გაუზიარო - საუკეთესო მასწავლებელს, ხოლო იმის სურვილი, რომ გაავრცელო ინფორმაცია და გამოიწვიო ემოცია - საუკეთესო  პიარმენეჯერებს. შემთხვევითი არაა ჩემს მიერ არჩეული პროფესია, ეს ის საქმიანობაა, რომელიც ჩემში ზის და სიამოვნებას მანიჭებს.

- რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ადამიანებთან ურთიერთობის დროს?
 
-  არასოდეს გავუკეთებ სხვას იმას, რაც არ მსურს რომ მე გამიკეთონ, ამიტომ არასდროს ვიტყუები.
მიმაჩნია, რომ ტყუილების თქმით, სადღაც მაღლა თაროზე ვმალავთ არასასურველ წიგნს, რომელიც საბოლოოდ ან თავისით გადმოვარდება ან ვინმე მიაგნებს. ალბათ ერთ-ერთი ფასეულობა, რომელიც ადამიანებთან კომუნიკაციისას გამაჩნია არის ის, რომ არაფერს ვამბობ გადამოწმების გარეშე. არ მიყვარს ვინმეს შეცდომაში შეყვანა ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება. ამოტომ ჩემთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრინციპს, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, ფაქტების გადამოწმება წარმოადგენს.
 
- პიარ საქმიანობაში რა პროფესიულ მიდგომებს გამოარჩევთ?
 
ჩემთვის კომუნიკაციაში მთავარ მიდგომას ორმხრივი ურთიერთობის მოდელი წარმოადგენს, რომლის დროსაც ფლობ ინფორმაციას საზოგადოებრივ აზრის შესახებ და შესაბამისად მოქმედებ. ჩემთვის მთავარია შეიქმნას საერთო წარმოდგენა  და ჩემსა და საზოგადოებას შორის არსებობდეს საერთო გაგება კონკრეტული მოვლენის მიმართ.  
 
- როგორ აფასებთ საქართველოში პიარის სფეროს განვითარების პროცესს?
 
- დღეს ჩვენ სფეროს ემპათია აკლია. მოვლენებზე ვრეაგირებთ და ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. აუცილებელია  ურთიერთობის პრინციპების დამყარება, უფრო ახლოს უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან და გადავცეთ ემოცია, რომელიც დადებითად განაწყობს მათ თქვენი კომპანიის მიმართ.