ურთიერთობებისთვის დაბადებული ვიკა ბუკია
„თუ გჯერათ, იმის რომ ყველა ადამიანი რაღაცისთვის იბადება- იმისთვის რომ იცეკვოს, ან ასწავლოს სხვებს, ან გაამაგროს უბნის ბირჟა, ან ნახატები დაუტოვოს კაცობრიობას, ან სამშობლო იხსნას, გამრავლდეს, ან გამოიგონოს ნათურა, ან თუნდაც სტეპლერი, მაშინ მე დავიბადე ურთიერთობებისთვის, იმისთვის რომ ვილაპარაკო და მოვუსმინო" - ეს კავკასიის უნივესიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯრი ვიკა ბუკიაა.
რატომ უყვარს საკუთარი პროფესია?
- კომუნიკაცია არის ის რაც მიყვარს, მახალისებს, ენერგიას მმატებს. ჩემთვის უსულო საგანი არ არსებობს - ყველას შეიძლება ველაპარაკო: ადამიანებს, ცხოველებს და ნივთებსაც კი. სხვათაშორის, ნივთების გასულიერების თვისება ბავშვებს და კომუნიკაციის სპეციალისტებს ერთნაირად ახასიათებთ; კომუნიკაციის სპეცილიასტებს ეს ბავშვური თვისება ეხმარებათ ბრენდის შექმნაში. ბრენდი ხომ პირველ რიგში მომხმარებლების მიერ გასულიერებული ცოცხალი არსებაა, რომელიც ცოცხლობს მომხმარებელსა და ბრენდს შორის ურთიერთობის წყალობით. ასე რომ, სწორედ კომუნიკაციაა საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი.
რა არის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი?
- ჩემს პროფესიაში მთავარი მიდგომა - თავისუფლებაა (მე ასე ვთვლი). გონების გავარჯიშება თავისუფალ სივრცეში - აი, რას ვაკეთებ ხშირად. იდეები ყოველთვის არ მოდის საწერ მაგიდასთან.. იდეა შეიძლება გაგიჩნდეს საცობში, ან მაღაზიაში.. მაგრამ მთავარ იდეას ისევ მომხმარებელი გვეუბნება. მთავარია მოვუსმინოთ მათ ან უბრალოდ დავაკვირდეთ მათ ქცევებს. როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ, რა ახარებთ და რას განიცდიან ყველაზე მეტად.
როგორ აფასებს საქართველოში მიმდინარე პიარმოვლენებს?
- საქართველოს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. დიდი დრო არც არის გასული, რაც აღმოაჩინეს ეს პროფესია. ადამიანები მიხვდნენ, რომ თამაშის წესებს მომხარებლები ადგენენ. ბევრს პიარი მხოლოდ ტელე-გადაცემაში მისი უფროსის წაყვანა გონია. ბევრი თვლის, რომ ეს რეკლამაა. ეს პროფესია საქართველოში ჯერ კიდევ თვითგამორკვევისა და გააზრების პროცესშია. ეს პროცესიც მალე დასრულდება.