დიპლომატიიდან პირდაპირ პიარში
მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ...
შესავალს სკოლის პერიოდიდან დავიწყებ. ვიყავი წარჩინებული მოსწავლე, ყოველთვის ვოცნებობდი მსახიობობაზე, თუმცა მშობლების დაჟინებული თხოვნით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე და პროფესიად ამერიკათმცოდნეობა ავირჩიე. ბაკალავრის წარმატებით დასრულების შემდეგ, ვიფიქრე ბედი დიპლომატიაში მეცადა და ამავე უნივერსიტეტში გავხდი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის სტუდენტი. მივხვდი, რომ ამ სფერომ ძალიან დამაინტერესა და როგორც კი დავაპირე ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელება, მოულოდნელად აღმოვჩნდი პიარში :). მართალია უნივერსიტეტის პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა პიარმა მაინც თავისი გაიტანა და დღეს ლიტვური საცხობის მარკეტინგის და პიარის დეპარტამენტში უკვე სამ წელზე მეტია ვმუშაობ.
ჩემთვის პიარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ვხედავ. ბუნებაში, ადამიანებში, ხელოვნებაში, მუსიკაში... ამას უნდა გრძნობდე, სხვანაირად არ გამოვა.
პიარი ურთიერთობებია, სწორი კომუნიკაცია საზოგაოებასთან. თუ გინდა რომ შედეგი მიიღო, აუცილებელია ილაპარაკო სიმართლე და დაამყარო ახლო კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან. ასე მიაღწევ ჰარმონიას კერძო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
პიარი პატარა, მგრძნობიარე ბავშვს ჰგავს. ერთი პატარა არასწორი მიდგომა და ისე განაწყენდება, ბევრი ძალისხმევა დაგჭირდება რომ შემოირიგო.
ოლი ზოზიაშვილი
პიარმენეჯრი
„ლიტვური საცხობი"