„არასდროს გავაკეთებ ისეთ საქმეს, რაც სიამოვნებას არ მომანიჭებს." - გაიცანით „ტექნო ბუმის" პიარმენეჯერი
თუ კი პროფესიული გამოცდილების გაზიარებას სთხოვთ, არ დაგზარდებათ, უსასრულოდ გესაუბრებათ და დაუღალავად გაგიზიარებთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას. პროფესიით ჟურნალისტს კომპანია „ტექნო ბუმმა" შესაძლებლობა მისცა საკუთარი თავი პიარისა და მარკეტინგის სფეროში ეცადა, რის შემდეგაც ამავე მიმართულებით პროფესიული განათლება მიიღო.
დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობა მისთვის ყველაზე საინტერესო საქმედ იქცა.
გაიცანით „ტექნო ბუმის" პიარმენეჯერი მაია მამულაშვილი:
- არასდროს გავაკეთებ ისეთ საქმეს, რაც სიამოვნებას არ მომანიჭებს. ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელი ადამიანისთვის, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ურთიერთობები და კომუნიკაციაა. მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების სწორად წარმართვა, ფიქრი და მსჯელობა იმაზე, რატომ არ იყო კონკრეტული კომუნიკაცია ეფექტიანი. ყოველთვის, ბავშვობაშიც, სტუდენტობაში, პირად ურთიერთობებშიც, მეგობრობაშიც, სამსახურშიც ვმუშაობ საკუთარ თავზე ადამიანებთან ურთიერთობების კუთხით. მათთან კომუნიკაციის დროს ბევრ რამეს სწავლობ და უკეთეს შედეგს აღწევ. ამიტომ პიარი, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო.
- როგორია პიარის შენეული განმარტება?
- ეს არის ურთიერთობა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სწორად წარმართვა და ამ ურთიერთობებიდან მიღებული დადებითი შედეგი.
- შენთვის რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა პიარ საქმიანობაში?
- ისევ პიარის განმარტებისა და მნიშვნელობის გარშემო უნდა ვიტრიალოთ. ჩვენი მთავარი სამიზნე ჯგუფი საზოგადოებაა. რა თქმა უნდა, ეს სამიზნე ჯგუფი ჩვენი სეგმენტის შესაბამისად ვიწროვდება. ზოგ შემთხვევაში სამიზნე აუდიტორიას თინეიჯერები წარმოადგენენ, ან მხოლოდ მამაკაცები, შუა ხნის ქალბატონები, საქმიანი ადამიანები, დიასახლისები და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი გამოწვევა მათთან კომუნიკაციაა. იმ სამიზნე ჯგუფშიც ხომ ყველა ინდივიდუალურია. ჩემთვის ყველაზე რთული გამოწვევაა, რომ თითოეულთან მქონდეს სწორი კომუნიკაცია. დანარჩენი, რაც პიარსაქმიანობას ახლავს თან: პიარსტრატეგია, აქტივობები, მედიასთან ურთიერთობა, მედიაივენთების დაგეგმვა-განხორციელება და ა. შ. სირთულეს არ წარმოადგენს.
- „ტექნო ბუმის" რომელიმე პიარ კამპანიას ხომ არ გამოარჩევდი?
- ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია „ტექნო ბუმის“ გათამაშებაა, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის პირველი და განსხვავებული იყო. მანამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ათთვიანი გათამაშების დროს, ყოველთვე რომელიმე კომპანიას ბინა და ავტომობილი გაეთამაშებინა. ზუსტად 10 თვის მანძილზე, თვეში ერთხელ, ტექნიკასთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხიდან ბინისა და ავტომობილის მფლობელები ვლინდებოდნენ, გათამაშების კულმინაცია კი ნახევარი მილიონის გათამაშება იყო. კამპანიას, რა თქმა უნდა, გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა და რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლები იყვნენ კმაყოფილები, ბედნიერები, დადებითად განწყობილები, რაც „ტექნო ბუმისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დამკვიდრებული მიდგომების გარდა, პიარ კამპანიის დაგეგმვისას თითოეულმა კომპანიამ ინდივიდუალურად უნდა გათვალოს ყველა დეტალი. ჩვენ გუნდური მუშაობის პრინციპით ვმუშაობთ და ყოველთვის დადებით შედეგს ვაღწევთ.