,,კომუნიკაციას საფუძვლად ყოველთვის უნდა ედოს კვლევა“ - ნატა ასათიანის რჩევები პიარსპეციალისტებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი პოლიტიკური პიარის მიმართულებით, გადაცემა ,,დიდი შესვენების“ წამყვანი რადიო ,,უცნობში“ - ეს ნატა ასათიანის დატვირთული პროფესიული ცხოვრების ნაწილია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში უკვე 10 წელია და ზუსტად იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორი კომუნიკაცია შედგეს. 

საზოგადოებასთან ურთიერთობა საქართველოში უფრო და უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება - თუ იცვლება ტენდენციები და ამ ცვლილებებს თუ ვყვებით ოპერატიულად?

საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც დარგი, ბოლო ათწლეულებია განვითარდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ ბევრია ამ მიმართულებით საკვლევი და სამუშაო. ტენდენციები, ცხადია, იცვლება, რადგან იცვლება კომუნიკაციის ფორმები, რასთანაც პიარი პირდაპირ არის დაკავშირებული. თუმცა, ყველა შემთხვევაში მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება - ეს არის ორმხრივი და ყველა მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება.
შესაბამისად, ტენდენციებზე მეტად, იცვლება ტექნიკა, რადგან ვითარდება ტექნოლოგიები. 10 წლის წინ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ სოციალურ ქსელში ლაივჩართვებით იქნებოდა შესაძლებელი 24 საათის განმავლობაში სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ინტერაქცია. ამიტომ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული და 2000-იანი წლებით გაგრძელებული, სულ სხვა განზომილება მიიღო სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციამ. კომუნიკაცია გახდა ორმხრივი - სახლში, დივანზე წამოწოლილებს შეგვიძლია ჩავერთოთ საარჩევნო კამპანიებში, მივწეროთ წერილი მერს, პრემიერსა თუ კერძო კომპანიას, რომელმაც ორი წუთის წინ პიცა მოგვიტანა სახლში. ამრიგად, კომუნიკაციის ფორმების გამარტივებამ სულ სხვა განზომილება შესძინა საზოგადოებასთან ურთიერთობას, რასაც, ვფიქრობ, საქართველომაც წარმატებით გაართვა თავი.

ყველა ტიპის პიარაქტივობა არ არის შედეგიანი. რა არის ის ტექნიკები, რაც უფრო წარმატებულს ხდის პიარპროცესს?

საზოგადოებასთან ურთიერთობა მაშინ არის შედეგის მომტანი, თუ ეს ურთიერთობა გულწრფელია და თუ კომუნიკაციაში ის სიტყვები და სიმბოლოებია გამოყენებული, რაც აუდიტორიას ესმის. კომუნიკაცია უნდა იყოს აგებული იმ თემების ირგვლივ, რაზეც აუდიტორიას უფიქრია, რაც მათთვის მნიშნველოვანია. შესაბამისად, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვისთან ვამყარებთ კომუნიკაციას, რა ტიპის მომხმარებელი/სამიზნე აუდიტორია/ამომრჩეველი გვყავს. ამ ინფორმაციისთვის კი, აუცილებელია ჩავატაროთ კვლევა, რაც ყველა კამპანიის თუ დაგეგმილი კომუნიკაციის საფუძველი და წინაპირობა უნდა იყოს.

თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა იყოს კარგი პიარსპეციალისტი?

შაბლონზე და მატრიცაზე ჩამოყალიბება გაგვიჭირდება, იმდენად, რამდენადაც ზოგადად ადამიანების ხიბლი მათ განსხვავებულობაშია... თუმცა, ალბათ, შესაძლებელია გარკვეულ თვისებებზე შეთანხმება, რაც უნდა გააჩნდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. შესაბამისად, „იდეალური“ პიარმენეჯერი შეგვიძლია ასე დავახასიათოთ: გამჭრიახი გონების პატრონი, დაკვირვებული, მიზანდასახული, მოთმინების უნარით დაჯილდოებული, რისკიანი და სიახლეების მოყვარული ადამიანი.

მომავლის შრომის ბაზარი სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოითხოვს ადამიანურ რესურსებს - როგორ ფიქრობთ, რა ელის ,,პიარს“?

არც ადრე მჯეროდა და ვერც მომავალში დავიჯერებ, რომ ინტელექტუალურ სამუშაოზე ადამიანებს რობოტები შეცვლიან. ტექნოლოგიების განვითარება ახალ პროფესიებს გააჩენს და ეს პროცესი უკვე სახეზეა, თუმცა, ადამიანს მისი ყველა სისუსტითა და თავისებურებით, ვერაფერი ჩაანაცვლებს. 

რა სამ რჩევას მისცემდით პიარსპეციალისტებს ან ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს?

პირველი და მთავარი რჩევა, რასაც ახალგაზრდა კოლეგებს და სტუდენტებს ვუზიარებ, ეს არის შემდეგი: არ გადადგათ არცერთი ნაბიჯი კვლევის გარეშე. მოსთხოვეთ კომპანიების დირექტორებს დააფინანსონ კვლევა, რომელიც ზუსტად დაგვანახებს ამ კომპანიის ამჟამინდელ ძლიერ და სუსტ მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ და განახორციელეთ საკომუნიკაციო კამპანიები.
იყავით გულწრფელნი, გჯეროდეთ, რასაც აკეთებთ და პატივს სცემდეთ იმ კომპანიას თუ ბრენდს, რომელსაც ემსახურებით. მე ბევრ სამსახურში მიმუშავია და დღეს ბედნიერი ვარ თითოეულ კომპანიასა თუ სახელმწიფო უწყებაში დახარჯული ენერგიითა და დროით, რადგან ყოველთვის მეამაყებოდა ის დაწესებულება და მისი საქმიანობა, რომელსაც წარმოვადგენდი.

თეგები