თამუნა თანდაშვილის წარმატების ისტორია

თამუნა თანდაშვილის წარმატების ისტორია იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ წარმატებას თავად ქმნიან. ის self made ადამიანია. ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი დირექტორი. ავია–კომპანია „ჯორჯიან ეარვეიზში“ ბიზნესის განვითარებას ხელმძღვანელობს. ჩვენი შეხვედრის დროსაც მოხდენილად გამოიყურებოდა ოდნავ გახეხილ ჯინსებში. მისი სიტყვა, გამოხედვა და ჟესტები ერთმანეთს საოცრად ავსებდა.
ამბებს ჰყვება თავისებურად. უსმენ და ხვდები, რომ თითოეული ისტორია დიდი ხნის წინ აქვს გააზრებული და გაანალიზებული. მისგან ყველაზე საუკეთესო კი მიღებული და შემდეგ მეხსიერებაში საგულდაგულოდ შენახული.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის მეხსიერება . მეხსიერება ფაქტებისა და მოვლენების. მისი ემოციური აღქმა და შემდეგ ანალიზი. მომავალში კი ამ დაგროვილი ემოციებით ადამიანები აღწევენ ან ვერ აღწევენ წარმატებას“ – ასე ფიქრობს თამუნა.
მისი წარმატების მთავარი საყრდენი მისი „ბავშვობის დიდი სახლია“, სადაც უამრავი ამბავი მოხდა. აქ ჩამოყალიბდა ის მთავარი ფასეულობებიც, რომლებიც მთელს მის წარმატების ისტორიას თან გასდევს.
ახსოვს, სამი წლის ასაკში როგორ გააღებდა კარს და სახლიდან გადიოდა. ცნობისმოყვარეობა მოსვენებას არ აძლევდა. აინტერესებდა რა ხდებოდა მისი სახლის მიღმა, მომიჯნავე ეზოებსა და უცხო ადამიანების სახლეში. ამ დროს ბაბუას იხსენებს, რომელმაც მისი ცნობისმოყვარეობა არ შეზღუდა, პირიქით, გააფართოვა და ისეთ ადგილებშიც შეახედა, სადაც პატარა ბავშვს არც არაფერი ესაქმებოდა. პირველად ბაბუამ წაიყვანა რესტორანში და დანა–ჩანგლით ჭამა ასწავლა. ამბობს, „დავდიოდით თეატრში და კინოში ან უბრალოდ ვსეირნობდით რუსთაველის გამზირზე, სადაც უამრავ ადამინს ვხედავდი. ალაბათ, აქედან მოდის ჩემი დაუოკებელი სურვილი მოგზაურობის, ახალი აღმოჩენების გაკეთების, ადამიანების გაცნობისა და შეცნობის“.
საკუთარ „აღმოჩენებს“ დიდი სიამოვნებით აზიარებს. მთელი გატაცებით შეუძლია ისაუბროს ქართულ ავიაინდუსტრიაზე, სტუმარ–მასპინძლობასა და ახალ ტენდენციებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო ტურიზმშია, ასევე მოგზაურობაზე, მოდასა და სტილზე, მომხმარებლის კმაყოფილებაზეც. მოკლედ, ყველაფერზე. მთავარი ის არის, რომ როდესაც მას უსმენ, გრძნობ საოცარ მუხტს, აღტაცებას, კომპეტენციას.

„წარმატების ისტორიაც“ ბავშვობის წლებიდან იწყება:
„ჩემი დიდი სახლი, სადაც გაუსაძლის 90–იანებში თავს იყრიდა ყველა ჩვენი მეზობელი, ოჯახის ახლობელი და ნათესავი, თანაბრად ნაწილდებოდა სითბო, საკვები და ემოციები. კარგად მახსოვს, უფროსები მშივრები იძინებდნენ, უმცროს თაობას საჭმელი რომ ჰქონოდა. ეს ემოცია დღემდეა ჩემში ჩარჩენილი.
კარგად ვიცი, რომ სხვებს უნდა გადაუნაწილო, გაუყო თუნდაც შენი უკანასკნელი ლუკმა და გადარჩება ყველა, მათ შორის შენც. შიშიც ბავშობაშივე დავძლიე. არ მეშინია არაფრის. კარგად მახსოვს ოჯახები, სოხუმიდან, რომლებმაც ფეხზე დადგომა შესძლეს, როცა მათ არაფერი ჰქონდათ. ქუჩაში პურს ჰყიდნენ და ასე კაპიკ–კაპიკ შეგროვილი თანხით სახლი შეიძინეს.
მჯერა, მარტო არასოდეს იქნები, თუკი გაცემისა და მიღების უნარი გექნება. მე ასე ვცხოვრობ. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ფასეულობა.
ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ოჯახი რომ შექმნეს. დედამ თექვსმეტი წლის ასაკში გამაჩინა. ჩემს აღზრდაში მთელი არსით იყო ჩართული. მახსოვს, სკოლის მარტივ მათემატიკურ ამოცანებს როგორ საინტერესოდ მიხსნიდა. მეუბნებოდა, რომ ყველა ამოცანას ამოხსნის რამდენიმე მეთოდი აქვს. ვიდექით და ვხსნიდით, ვფიქრობდით. ეს ფორმულა სულ თავში მაქვს. ვცდილობ, ჩემს წინაშე დასმულ ამოცანას სხვადასხვა კუთხით შევხედო, ვიპოვო მისი ამოხსნის სხვადასხვა ვარიანტი. ამოუხსნელი ამოცანა არ არსებობს, შენ უნდა შეძლო ის ყველაზე მარტივად ამოხსნა.
მშობლების გადაწყვეტილებით მოხდა ის, რომ მე წერა–კითხვა ინგლისურ ენაზე დავიწყე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ პერიოდში ეროვნული მოძრაობა აქტიურ ფაზაში იყო გადასული და ჩემს დიდ სახლში რუსულ ენაზე საუბრობდნენ. მშობლებმა უარი თქვეს რუსულ ენაზე. ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენი ეზო მულტინაციონალური იყო. ურთიერთობა მქონდა არაერთი ეროვნების ადამიანთან. ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით ქართველები, სომხები, რუსები, ებრაელები.
სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია მიყვარდა. ეს ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. მან მასწავლა როგორ უნდა მესწავლა.
ერთ დღეს კლასში შემოვიდა და ჩვენთვის უცნობი, ლამაზყდიანი ჟურნალი შემოგვიტანა. ეს „ვოგი“ იყო. დაგვისვა შეკითხვა, რომ წელს მოდაშია ოქროსფერი და თუ ვიცოდით, ეს ფერი ვინ შექმნა. თითქოს არაფერიც არ მომხდარა ისეთი, მაგრამ საკითხის ასეთმა დასმამ, მთლიანად ამოაყირავა ჩემი აზროვნება. მივხვდი, რომ არსებობს ფაქტებისა და მოვლენების ურთიერთკავშირი და ეს კავშირი უკვე ძალიან საინტერესო ერთიანობას ქმნის. ჩვენი ისტორიის გაკვეთილები არასდროს ყოფილა უინტერესო და ერთფეროვანი. სახელმძღვანელოში მოცემულ საკითხებს ვამდიდრებდით ათასგვარი ინფორმაციით და შემდეგ, როგორც ერთ მთლიანს, ისე გადმოვცემდით.
დღესაც ამბის მოყოლას არსოდეს ვიწყებ იქიდან, საიდანაც ის იწყება. ეს უინტერესოა. ამბავი იმაზე მეტია, ვიდრე ის წარმოგვიდგენია. ასეა ადამიანებშიც. ახალი ადამიანის გაცნობისას სულ ვფიქრობ, რომ ის მხოლოდ ეს მოცემულობა არ არის, რასაც ახლა ვხედავ. ის უფრო მეტია.
როცა საკითხი პროეფესიის არჩევაზე დადგა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია 16–17 წლის ასაკში განსაზღვრო, რა გინდა აკეთო მთელი ცხოვრების მანძილზე. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან პირველივე კვირას მივხვდი, რომ იმედები გამიცრუვდა. შესაბამისად, სტუდენტობამ უღიმღამოდ ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებს, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული.
ბოლო კურსზე ერთ–ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში სოციალურ მუშაკად ვიმუშავე. ეს იყო „sos ბავშვთა სოფელი“. ბავშვებისთვის ვაკეთებდით სოციალურ პროექტებს. ამ პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ძალიან საინტერესო სამუშაო. სასიამოვნოდ მახსენდება, ჩვენი ხელმძღვანელი როგორ გვიდუღებდა ყავას და გვიმასპინძლდებოდა. ვსხდებოდით ერთად და მრავალ თემას განვიხილავდით. ხელმძღვანელის როლს მართვის პროცესში სულ სხვაგვარად შევხედე და გავიაზრე.
შემდეგ იყო „რომპეტროლი“, კომპანია, რომელიც ახალგაზრდების სწავლება–განვითარებაზე იყო მიმართული. მეც ამ ნაკადში მოვხვდი. 22 წლის ვიყავი. ეს ნამდვილად იყო ჩემი პროფესიული ზრდის საუკეთესო პერიოდი. მაშინ მოხდა ისეთი საკითხების გააზრება, როგორიცაა მართვა, გუნდური მუშაობა. ყველაზე მეტს გენერალური დირექტორი მუშაობდა. ყველაზე ადრე მოდიოდა და ოფისს ყველაზე გვიან ტოვებდა. ეს იყო ადგილი, სადაც ახალგაზრდებს დიდი ენთუზიაზმით გვასწავლიდნენ.
პირველი ექვსი თვე მუშაობა გამიჭირდა, რადგან ადმინისტრაციული საქმიანობა არ მაინტერესებდა. ნელ–ნელა ეს შეიცვალა და ერთ დღესაც მომცეს თანხა ანუ ბიუჯეტი განმისაზღვრეს და მითხრეს: გააკეთე! ეს იყო პროექტი, რომელიც რუმინეთიდან შემოიტანეს და საჭირო გახდა მისი საქართველოში მართვა. სწორედ ამ პროექტის ხელმძღვანელად დამნიშნეს. იმ პერიოდში პროექტი და პროექტის მართვა სიახლე იყო. მე ნამდვილად არ მქონდა არანაირი გამოცდილება. ეს იყო ჩემთვის დიდი ნდობის გამოცხადება. მასწავლეს, ვიმუშავე. მე შემიძლია, გარშემო შემოვიკრიბო საჭირო ადამიანები და ასე შევძლოთ პროექტის განხორციელება. ეს იყო პროეტი, რომელმაც შეცვალა ქართულ კანონმდებლობა. 2008 წელს დავნერგეთ და ის დღესაც მუშაობს. ეს დღეს ძალიან მეამაყება!“


PS. ცხადია, წარმატების ისტორია აქ არ მთავრდება. სრულ ვერსიას უკვე გამოცემაში „50 წარმატების ისტორია“ შემოგთვაზებთ.
200 გვერდიანი წიგნი 2018 წლის 24 ნოემბერს,დეილ კარნეგის 130 წლის იუბილეზე გამოიცემა.

ავტორი: ლელა წითლანაძე 

“დეილ კარნეგის ცენტრის” დირექტორი

თეგები