რუსუდან წერეთლის წარმატების ისტორია

რუსუდან წერეთელი ამერიკაში ცხოვრობს და სულ ორი კვირით ჩამოვიდა თბილსში. რეალტორი - მისი ახალი პროფესიაა და როგორც თავად ამბობს, ეს არის საკუთარ თავთან ახალი გამოწვევა. გამოწვევა კი მის ცხოვრებაში მრავლად იყო.

რუსუდანს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოვუყევი #50წარმატებისისტორიის შესახებ და შემპირდა, ჩემს ამბავსაც აუცილებლად მოგითხრობო. პირობა შეასრულა. 
საუბრის დასასრულს კი შევთანხმდით, რომ გამოცემას ამერიკაში, ჩვენს ემიგრანტებს წარვუდგენთ და ქართულ წარმატების ისტორიებსაც გავუზუარებთ. 
შესანიშნავია, როცა ამბები მოგზაურობენ, არა?!
ვიდრე რუსუდანის წარმატების ისტორიის დეტალებს გაგიზიარებთ, გეტყვით, რომ მისი ცხოვრება დღეს ორ ნაწილად იყოფა: საქართველო და ამერიკა. ჩვენ ამერიკულ ნაწილზე მოგითხრობთ. 2010 წლის 10 იანვარს ამერიკაში ჩავიდა იმ მიზნით, რომ მისი ცხოვრება აქ უნდა გაგრძელებულიყო.
დღეს 43 წლისაა. მერილენდის შტატში, ბალტიმორიში ცხოვრობს და ამაყობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში საკუთრი ადგილის ძიება დაიწყო. ჩასვლისთანავე, რეკომენდაციების საფუძველზე, როგორც განსაკუთრებული უნარების მქონეს, ამერიკის საემიგრაციომ მწვანე ბარათი მისცა.

დღეს ის, როგორც ძირძველი ამერიკელი, ისე უყურებს ცხოვრებას, არ უშინდება გამოწვევებს და საკუთრ მომავალს თავად ქმნის. ამბობს, რაც მეტი პროფესია გაქვს ამერიკაში, მით მეტად წელგამართული ხარ. 

ცხოვრების უმთავრესი პრინციპი კი მისთვის ის არის, რომ მიღწრეულზე არ უნდა გაჩერდეს, რადგან კარგად იცის, როგორც კი გაჩერდება, მაშინვე დაღმასვლას დაიწყებს. ნოტარიუსის ლიცენზიაც კი მიიღო, როცა საქმეს დასჭირდა და დღეს ამ პროფესიასაც წარმატებით იყენებს.

ადამიანებთან ურთიერთობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გულწრფელობას და თავადაც ასეთია:
„ 15 ივლისს, ვიდრე საქართველოში წამოვიდოდი რეალტორის ფიცი დავდე: „ვიყო პატიოსანი და გულახდილი საქმიანობაში“. 
ძალიან მომწონს ეს სიტყვები - ფიცის ფრაგმენტია. ვამაყობ ჩემი ახალი საქმით. ვიცი, გამომივა.
დღეს უკვე „გილ დი მარსელიას საბროკერო კომპანიის“ რეალტორი ვარ. ეს კომპანია 30 წლისაა, მაგრამ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. როცა გადავწყვიტე საკუთარი საქმე გამეკეთებინა, ეს სფერო ავირჩიე.


არ მინდოდა ტრადიციული გზით წავსულიყავი და გამეხსნა სასტუმრო ან რესტორანი. ვიტყოდი, შედარებით რთული გზა ავირჩიე. ამაზე ერთმა ამერიკელმა რეალტორმა მიბიძგა. ის ჩემი სახლის შეძენის დროს გავიცანი. მითხრა, რომ ჩემგან კარგი რეალტორი დადგებოდა. სწორედ მან მომცა მთელი ინსტრუქცია, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.


ამერიკაში რეალტორის ლიცენზიის მოპოვება მარტივი არ არის და არც იაფი. ამისათვის სპეციალურ სკოლაში ვისწავლე, ჩავაბარე ამერიკის ეროვნული გამოცდები და შემდეგ მერილენდის შტატის შიდა გამოცდები. ამას დაემატა 300 საათის მოცულობის ტრენინგები, სადაც გვასწავლეს შტატის კანონები, მშენობლობის სტრუქტურა, შტატის მთელი წყალგაყვანილობის სისტემაც კი შეგვასწავლეს და ისეთი დეტალებიც, როგორიცაა ჭაბურღილის ფუნქციონირების თავისებურებანი.


კონკურენცია მაღალია. იმარჯვებს ის, ვისაც საფუძვლიანი ცოდნა აქვს. არ ვიცოდი,ბოდიში - ეს სიტყვები არ უნდა თქვა და თუკი თქვი, ძალიან ძვირად დაგიჯდება. შესაძლებელია ლიცენზიაც კი ჩამოგართვან. ამიტომ ყველაფერი უნდა იცოდე. 

ამერიკაში ყველაფერს, ყველა დეტალსა და ნიუანს კანონი არეგულირებს. ყველა კანონს ემორჩილება. თუკი კანონს არ დაარღვევ, ძალიან მარტივია ცხოვრება და წარმოიდგინეთ, სწორედ ამ დროს იძენ დიდ თავისუფლებას.‼️


კანონი გირეგულირებს ყველაფერს, იმასაც როგორი საღებავით უნდა შეღებო საკუთარ სახლში კედლები ანუ საღებავი აუცილებლად უსაფრთხო და შემოწმებული უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია. 


თუკი მოინდომე რომ ხე დარგო, ესეც უნდა შეათანხმო. ის რომ სახლი დროულად აშენდეს ან სარემონტო სამუშაობი განსაზღვრულ ვადებში მოექცეს, ესეც გაწერილია. ჯარიმდები , თუკი ვადები დაირღვევა. ვიტყოდი, ეს ქვეყანა პოლიციური სახელმწიფოა და აქ არის სწორედ მისი დიდი მიზიდულობის ძალა. დაცულად გრძნობ თავს.‼️ ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.


ბუნებით მებრძოლი ვარ!
ყოველთვის ისეთ სფეროს ვირჩევ, სადაც უნდა იბრძოლო, დაძლიო წინააღმდეგობები, სადაც მიზნის მიღწევა იოლი არ არის. ასეთ დროს ენერგიით ვივსები და მთლიანად მიზნისკენ ვარ მომართული.
არადა, ბავშობას რომ ვიხსენებ, მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი. ძალიან მიყვარდა პოეზია, ლექსებს კარგად ვკითხულობდი. ოჯახი მანებივრებდა და ჩემს წაკითხულ ლექსებსისმენდნენ ვერიკო ანჯაფარიძეს, გიგა ლორთქიფანიძეს, ანზორ ქუთათელაძეს და კიდევ ბევრი სხვა. 
პროფესიის არჩევისას, ჩემზე დედის რჩევამ იმოქმედა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს ის დრო იყო თბილისშიროგორ წახვიდოდი ან ჩამოხვიდოდი, წინასწარ არ იცოდი. რუსთავში ვცხოვრობდი. ლექციები გაყინულ აუდიტორიებში, სანთლის შუქზე გვიტარდებოდა. ის მოვახერხე, რომ როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და “რუსთავი ინფოში” დავიწყე მუშაობა. ჩემი ინიციატივით მივედი. შემდეგ ამ გაზეთის რედაქტორიც გავხდი. 

ამ ისტორიას იმიტომ ვიხსენებ, რომ პირველად ამერიკაში რომ მოვხვდი ამ გაზეთის დამსახურებაა.
2001 წელს საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში აიოვას შტატში მოვხვდი. მახსოვს, რუსთავის მსგავსი პატარა ქალაქი იყო მარშალ თაუნი და იმ ქალაქის გაზეთის რედაქციაში უნდა მემუშავა. ამერიკამ იცის ჩაბღაუჭება, ვეღარ წყდები.
შემდეგ იყო „ნეიმენის“ სახელობის სტიპენდია და ჰარვარდის უნივერსიტეტი, საჯარო პოლიტიკის „ჯონ კენედის სახელობის მმართველობის სკოლა“. მე პირველი ვარ დღემდე, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან (რუსეთის გარდა), რომელიც „ჰარვარდმა“ ამ კონკრეტული - „ნეიმენის“ სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა“.
საქართველოში დაბრუნებულს ძალიან გამიჭრდა. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან გამიჭირდა სამსახურის მოძებნა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩემთვის მიუღებელია, როცა ადამიანის შეფასება არ ხდება მისი უნარებითა და ცოდნით, არამედ მნიშვნელოვანია, ვინ გაგიწევს რეკომენდაციას და ვინ გიპატრონებს. 

როცა მეკითხებინ, რატომ წავედი ამერიკაში, უკვე საბოლოოდ, ვამბობ, რომ გავაპროტესტე ყველაფერი, რაც საქართველოში ხდებოდა. 

როდესაც მწვანე ბარათით ხელში ამერიკაში ცხოვრება დავიწყე, წავედი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციაში. 
34 წლის ვიყავი და საკმაოდ მზად ამ სივრცეში სამუშაოდ. 
აქ მხოლოდ ორი წელი გავჩერდი. რაღაც სხვა, ახალი მინდოდა და რა თუ არა კომპიუტერული სფერო. 
სულ მალე IT სპეციალისტის ლიცენზიაც მოვიპოვე. საერთოდ, ამერიკაში ახალი პროფესიის შეძენის ძალიან კარგი პირობებია.

 
ეს ყველაფერი დიდ შრომაზე გადის. სპეციალური სკოლის გავლა და შემდეგ გამოცდების ჩაბარება. შედეგად ვისწავლე კოდის კითხვა და წერა, პროგრამირების ენა. 

ამ საქმემ ნებისყოფა შემძინა. 
ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დავიწყე მუშაობა და აქ მიღებული გამოცდილება ჩემთვის კიდევ ერთი შეუფასებელი გამოცდილება გახდა.
უკვე 9 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ.


არაერთი პროფესია შევიძინე, ვიმუშავე და მივხვდი ერთს, მე ჩაკეტილ სივრცეში ვერც ვიცხოვრებ და ვერც ვიმუშავებ! ‼️ადამიანებთან ურთიერთობა ჰაერივით მჭრდება. 


ეს არის ის, რაც მაბედნიერებს. 
სწორედ ამიტომაც დღეს მე რეალტორი ვარ!“


ავტორი: ლელა წითლანაძე 

“დეილ კარნეგის ცენტრის” დირექტორი

თეგები